კახა კალაძე: თუ "ტვ პირველის" წინააღმდეგ სარჩელს მოვიგებ, თანხა იმ ადამიანებს მოხმარდება, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს

"იმ შემთხვევაში, თუ „ტვ პირველისა“ და ამავე არხის ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს მოვიგებ, თანხას იმ ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად გამოვიყენებ, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ თქვენგან, ძალიან ბევრ ცილისწამებას, ტალახის სროლას, შეურაცხყოფას. შესაბამისად, სასამართლოს გზით გადაწყდეს ყველაფერი. იმაზე, რაც იყო ნათქვამი, კონკრეტულ ჟურნალისტს აუცილებლად მოუწევს წარმოადგინოს ამის მტკიცებულება.

დეტალებში აღარ შევალ, არ მინდა ეს ყველაფერი შემდეგ ჩემს საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. რაც შეეხება თანხას, თუ ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მოვიგოთ ეს თანხა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვისთბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს.